ka | en
TSU

პოლისაქარიდზე დაფუძნებული ქირალური სელექტორების გამოყენება ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელთან კომბინაციაში, როგორც ეფექტური ქირალური სტაციონარული ფაზები ენანტიომერების დასაყოფად

ავტორი: ქეთევან ხარაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ზედაპირულად ფოროვანი, თეორიული თეფშების რიცხვი, ვან დეემტერი, სვეტის ეფექტურობა.
ანოტაცია:

თანამედროვე ინსტრუმენტული ანალიზის მეთოდებიდან ქრომატოგრაფიულ მეთოდებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ენანტიომერების დასაყოფად, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული თვალსაზრისით. ენანტიომერულ ფორმებს ქირალურ გარემოში, ანუ ისეთ გარემოში როგორიცაა ადამიანის ორგანიზმი გააჩნიათ განსხვავებული ფარმაკოლოგიური, ფარმაკოკინეტიკური და ტოქსიკური თვისებები, ამიტომ მათი დაყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეფექტური სამკურნალო პრეპარატების მიღების მიზნით. უკანასკნელ წლებში ქრომატოგრაფიული დაყოფის პირობების ოპტიმიზაციამ ხელი შეუწყო ისეთი მეთოდების შემუშავებას,რომელიც ეფექტურობის მინიმალური დანაკარგებით ენანტიომერების ფართო სპექტრის დასაყოფის საშუალებას იძლევა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ინტენსიურად შეისწავლება ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელების გამოყენება აქირალური ქრომატოგრაფიული დაყოფებისთვის. ასეთი სილიკაგელის გული არაფოროვანია და როგორც წესი, მომზადებულია სილიციუმის ან არაფოროვანი სილიკაგელისგან, ხოლო გარსი ფოროვანი სილიკაგელისგან. სილიკაგელის ასეთი მორფოლოგიის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ფოროვანი გარსის ზედაპირის ფართობი საკმარისია ეფექტური ქრომატოგრაფიული დაყოფის მისაღებად, მაშინ როდესაც არაფოროვანი (გლუვი) გული საანალიზო ნივთიერების მოლეკულებს არ აძლევს ადსორბენტის ფორებში ღრმად შეღწევის საშუალებას. ეს თავის მხრივ აჩქარებს მასის (საანალიზო ნივთიერების) გადატანას მოძრავ და უძრავ ფაზებს შორის და მკვეთრად აუმჯობესებს ქრომატოგრაფიული დაყოფის ეფექტურობას. ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური ადსორბენტები და ამ მასალებით შევსებული ქრომატოგრაფიული სვეტები გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით: სვეტის მცირე მკვდარი მოცულობა, თეორიული თეფშების მაღალი რიცხვი, ანალიზის სიჩქარის გაზრდისას თეორიული თეფშების სიმაღლის ნელი ზრდა, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ანალიზები მაღალ სიჩქარეზე ეფექტურობის მინიმალური დანაკარგით. ქრომატოგრაფიული სარჩულების ნაწილაკის ზომების და სილიკაგელის ფორების ზომების ერთგვაროვნება, რაც თავის მხრივ ამცირებს პიკის გაგანიერებას და ზრდის სვეტის ეფექტურობას. წინამდებარე ნაშრომის მთავარი მიზანი იყო ქირალური სელექტორის შემცველობის ოპტიმიზაცია ქირალურ ადსორბენტში და მათი ქრომატოგრაფიული შესწავლა. ნაშრომში განხილულია: 1)ზედაპირულად ფოროვანი და მთლიანად ფოროვანი მასალით მომაზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების შედარება; 2)ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოცნობის უნარი ენანტიომერების დასაყოფად; 3)მიღებული მასალების კინეტიკური დახასიათება - ნაკადის სიჩქარის გავლენა თეორიული თეშების რიცხვზე და სვეტის ეფექტურობაზე და ქრომატოგრაფიული დაყოფის პირობების ოპტიმიზაცია ენანტიომერების სწრაფი დაყოფის მიზნით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com