ka | en
TSU

გენომური პარამეტრები შესწავლა ხანდაზმულ ინდივიდებში პეპტიდური ბიორეგულატორის მოქმედებისას

ავტორი: მიხეილ სალუქაშვილი
ანოტაცია:

ონტოგენეზის ყველა ეტაპის მიმდინარეობა, მათ შორის დაბერების პროცესიც, ეპიგენეზურ რეგულაციას ექვემდებარება, რაც გენომური პარამეტრების თანმდევ ცვალებადობაში აისახება. თუ განვითარების ადრეულ ეტაპზე ქრომატინის მდგომარეობის ცვალებადობა ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს, ონტოგენეზის გვიანდელ ეტაპზე იგი დაკავშირებულია უჯრედული და ორგანიზმული ჰომეოსტაზის დარღვევასთან - იმუნური სტატუსისა და რეპარაციის დონის დაქვეითებასთან, რაც ორგანიზმის ფუნქციათა თანდათანობით დაკარგვასა და სიბერის პათოლოგიათა განვითარებას იწვევს. ცნობილია, რომ მეთილირებით განპირობებული ქრომატინის კომპაქტიზაცია-დეკომპაქტიზაცია (ჰეტეროქრომატინიზაცია-დეჰეტეროქრომატინიზაცია) გენთა ექსპრესიის იმ ეპიგენეზურ რეგულატორს წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელია გენთა გამორთვასა და ჩართვაზე, რადგან ამ პროცესებზეა დამოკიდებული გენთა წვდომადობა ტრანსკრიპციის აპარატისათვის. დაბერების პროცესში შეცვლილი გენომური პარამეტრები კორექციას ექვემდებარება გარკვეული ზემოქმედების პირობებში. ამ ჭრილში მიზანშეწონილია გერიატრიულ პრაქტიკაში დაბერების პროცესების ინტენსივობის დაქვეითებისა და სიბერის პათოლოგიათა თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული გეროპროტექტორების - რეგულატორული ბუნების მქონე ოლიგოპეპტიდების შესწავლა. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ იპყრობს გეროპროტექტორთა ახალი თაობის პრეპარატის - თიმალინის შესწავლა. პრეპარატი, რომელიც თიმუსში არსებული რეგულატორული პეპტიდის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს, გამოიყენება იმუნიტეტის ასამაღლებლად. ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადგილი აქვს თიმუსის ზომების მნიშვნელოვან შემცირებას და, შესაბამისად მისი ჰორმონების რაოდენობის კლებას, რაც ორგანიზმის იმუნურ მაჩვენებელზე აისახება, ამდენად, თიმალინის გავლენის შესწავლა დაბერების პროცესში შეცვლილი გენომური პარამეტრების ნორმალიზაციაზე განსაკუთრებულ ინტერესს იძენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული შრომის მიზანს წარმოადგენდა პეპტიდური ბიორეგულატორის - თიმალინის მაკორეგირებელი მოქმედების შესწავლა ხანსაზმულ ინდივიდთა შეცვლილ გენომურ მახასიათებლებზე და მისი გავლენა სინთეზური პროცესების აქტივობაზე. შედეგების ანალიზით ნაჩვენები იქნა, რომ თიმალინი არ ახდენს გავლენას დარღვეული გენომური პარამეტრებზე, თუმცა სარწმუნოდ ზრდის რიბოსომული ცისტრონების აქტივობასა და აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირეს, რაც აღნიშნული ბიორეგულატორის მოქმედებისას სინთეზური პროცესების ატივობის ზრდაზე მიუთითებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com