ავტორიზაცია

ლანსოპრაზოლის ზოგიერთი სამკურნალო ფორმის შესაბამისობის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებთან
ავტორი: თორნიკე სარჯველაძესაკვანძო სიტყვები: ლანსოპრაზოლი, ენანტიომერები, სითხური ქრომატოგრაფია
ანოტაცია:
ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური დაყოფა და ენანტიომერული სისუფთავის კონტროლი მნიშვნელოვანია ქიმიის სხვადასხვა დარგებისათვის, განსაკუთრებით კი ფარმაცევტული სფეროსთვის, რადგანაც ამ ენანტიომერებს, როგორც წესი, განსხვავებული ფარმაკოლოგიური და ტოქსიური თვისებები გააჩნიათ. ენანტიომერული ნარევების დაყოფის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ხოლო ამ მეთოდში ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებს წარმოადგენენ ამილოზასა და ცელულოზას ფენილკარბამატები. მათი გამოყენება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად შეიძლება განხორციელდეს პოლარულ-ორგანული და ორგანული გამხსნელების წყალხსნარების გამოყენებით. ამ უკანასკნელი მეთოდის მექანიზმები დღეისათვის ნაკლებად შესწავლილია. ლანსოპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებას, H+ -K+ -ატფ-აზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს. ლანსოპრაზოლი ბლოკავს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გააჩნია ციტოპროტექციული მოქმედება და ზრდის ბიკარბონატების სეკრეციას. აქედან გამომდინარე, სამაგისტრო ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ლანსოპრაზოლის, როგორც ქირალური სამკურნალწამლო საშუალების, ენანტიომერების დაყოფა ამილოზასა და ცელულოზას ქირალური სტაციონარული ფაზების და ორგანული გამხსნელების წყალხსნარების გამოყენებით, ამის საფუძველზე დაყოფის ოპტიმალური მეთოდის შემუშავება, ვალიდაცია და ზოგიერთი ფორმის შესაბამისობის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებთან.