ka | en
TSU

თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების დონის შეფასება საკვერცხის კისტის მქონე ქალებში

ავტორი: თათია ჩომახიძე
ანოტაცია:

კვლევის წინაპირობა: ახლახანს, მეცნიერთა ჯგუფმა ნ. ფორაქიშვილის ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა შრომა, რომლის მიხედვითაც საკვერცხის კისტის მქონე ქალების 91,7%-ის სისხლის შრატში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინთან (აქგ) დაკავშირების უნარის მქონე, ბუნებრივად გაჩენილი IgG ანტისხეულების მაღალი დონეა. აქგ გლიკოპროტეინული ჰორმონების ოჯახის წევრი ჰორმონია და მის გარდა ამ ოჯახში გაერთიანებული არიან თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი (თმჰ), ფოლიკულმასტიმუნლირებელი ჰორმონი და მალუთეინიზირებელი ჰორმონი. ამასთანავე, ლიტერატურული მონაცემების თანახმად ჰიპოთირეოზი, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია თმჰ-ს დონე წარმოადგენს საკვერცხის კისტის განვითარების ერთ-ერთ ეტიოლოგიურ ფაქტორს. აქედან გამომდინერე ჩვენ დავინიტერესდით და კვლევის მიზნად დავისახეთ იმის შეფასება უკავშირდებიან თუ არა საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული ანტი-აქგ ანტისხეულები თმჰ-საც. მასალა და მეთოდები: შესწავლილია 41 საკვერცხის კისტის მქონე ქალის, 12 ჯანმრთელი, მოხალისე პირის, 6 ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და 3 ფარისებრ ჯირკვალში კისტოზური ჩანართების მქონე პაციენტის პერიფერიული სისხლის შრატები. თმჰ-სთან დაკავშირების უნარის მქონე ანტისხეულების გამოსავლენად გამოვიყენეთ არაპირდაპირი იმუნოფერმენტული ანალიზი ELISA. დამატებით, იგივე შრატებში შევაფასეთ თმჰ-ს დონეც სენდვიჩისებური ELISA-ს გამოყენებით. შედეგები: ჩვენს მიერ მიღებული შედეგები გამოხატავს, რომ საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლის შრატში არსებული ბუნებრივად გაჩენილი ანტისხეულები ისევე კარგად უკავშირდებიან თმჰ-ს, როგორც აქგ-ს. ასე მაგალითად, თმჰ-სთან დაკავშირების ამსახველი საშუალო ოპტიკური სიმკვრივე შრატების 1: 50 განზავებისას არის 0,629963 ±0,036468, აქგ-სთან კი 0,516085±0,049034. შედარებისთვის საკონტროლო, ჯანმრთელი მოხალისეების ჯგუფში, იგივე განზავების შრატის თმჰ-სთან დაკავშირების მაჩვენებელია 0,177±0,028164 (p<0,0001), აქგ-სთან კი 0,073875±0,025576 (p<0,0001). ორივე ანტიგენის შემთხვევაში 50%-იანი ტიტრი აღმოჩნდა შრატის 1:200 განზავება. აღნიშნულ ანტიგენებთან დაკავშირების უნარის მქონე ანტისხეულების ტიტრის მაჩვენებლებს შორის საკმაოდ მაღალი კორელაცია გამოვლინდა. მაგალითად, 50%-იანი ტიტრის მაჩვენებლებისთვის r=0,9319. ანტი- თმჰ ანტისხეულების მაღალი დონის შემცველ შრატებში (n=21) ასევე შევაფასეთ თვითონ ჰორმონის, თმჰ-ს დონეც. ექსპერიმენტის ამ ნაწილის მიხედვით საკვერცხის კისტის მქონე ქალების 55%-ში თმჰ-ს დონე სისხლის შრატში უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელი მოხალისე პირების სისხლის შრატში. აღსანიშნავია, რომ ამ ქალებს, საკვერცხის კისტის დიაგნოზის პარალელურად აქვთ ჰიპოთირეოზის დიაგნოზიც და გადიან შესაბამის მედიკამენტოზურ მკურნალობას. დასკვნა: საკვერცხის კისტის მქონე ქალებში თმჰ-სთან დაკავშირების უნარის მქონე ანტისხეულების გამოვლენა დღის წესრიგში აყენებს კვლევების რამოდენიმე მიმართულებით გაგრძელების აუცილებლობას რომელთა მიზანიც იქნება ამ ანტისხეულების გაჩენის მიზეზის დადგენა, მათი დახასითება ეპიტოპ-სპეციფიურობის, ქვეკლასის და აფინობის კუთხით და რაც მთავარია იმის შეფასება, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ანტისხეულებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com