ავტორიზაცია
სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის გავლენა გლუტამატის NMDA- და AMPA -რეცეპტორების აქტივობაზე ჰიპოკამპისა და ქერქის უჯრედებში
ავტორი: გიორგი ანანიაშვილისაკვანძო სიტყვები: სტრესი, სოციალური იზოლაცია, გლუტამატი, გლუტამატის რეცეპტორები, NMDA, AMPA, ჰიპოკამპი, პრეფრონტალური ქერქი
ანოტაცია:
ძუძუმწოვრების აბსოლიტური უმეტესობა, ადამიანების ჩათვლით, სოციალურ ორგანიზმებს წარმოადგენენ. მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათივე სახეობის სხვა ინდივიდებთან ურთიერთობას. ამ ურთიერთობების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და მის განვითარებაზე. შესაბამისად, როდესაც ინდივიდი განიცდის იმავე სახეობის სხვა ინდიოვიდებთან ურთიერთობის ნაკლებობას, ამ დროს იგი იმყოფება სტრესულ სიტუაციაში. დადასტურებულია, რომ სოციალური იზოლაცია სერიოზულ გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე, კერძოდ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. უკვე არსებობს საკმაო რაოდენობით სამეცნიერო მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ხანგრძლივი სოციალური იზოლაციით გამოწვეული ქრონიკული ფსიქო-ემოციური სტრესი უშუალოდ მოქმედებს ცნს-ის სხვადასხვა უბანზე და მათში იწვევს მორფო-ფუნქციურ ცვლილებეს. ამ შემთხვევაში, ცნს-ში გამოიკვეთება ორი მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელიც განიცდის სტრესის უშუალო ზემოქმედებას, ესენია ჰიპოკამპი და პრეფრონტალური ქერქი. კერძოდ, ამ ორი რეგიონის ნეირონებში სტრესის მიერ ინდუცირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება გლუტამატის რეცეპტორების ფუნქციონირებაში. ჩვენი კვლევისთვის საინტერესო იყო დაგვედგინა სოციალური იზოლაციის პირობებში განვითარებული ფსიქო-ემოციური სტრესის გავლენა გლუტამატის NMDA და AMPA რეცეპტორების აქტივობაზე და ერთმანეთისათვის შეგვედარებინა ამ აქტივობის ცვლილების ხარისხი თავის ტვინის ორ უბანში - ჰიპოკამპში და პრეფრონტალურ ქერქში. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ როგორც NMDA- ისე AMPA- რეცეპტორის აქტივობა სტრესირებულ ინდივიდებში სარწმუნოდ იზრდება. რეცეპტორების აქტივობის მატება შეინიშნება, როგორც ქერქის, ასევე ჰიპოკამპის უჯრედებში. აღსანიშნავია, რომ გლუტამატური რეცეპტორების აქტივობა მნიშვნელოვნად მატულობს ჰიპოკამპის უჯრედებში. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად განვითარებული ქრონიკული ფსიქო-ემოციური სტრესის გავლენით ხდება გლუტამატის NMDA- და AMPA- რეცეპტორების აქტივაცია როგორც ჰიპოკამპის, ისე ქერქის ქსოვილში. ამასთანავე აქტივაცია ჰიპოკამპის უჯრედებში, ქერქის უჯრედებთან შედარებით, გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
მიმაგრებული ფაილები:
სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის გავლენა გლუტამატის NMDA- და AMPA -რეცეპტორების აქტივობაზე ჰიპოკამპისა და ქერქის უჯრედებში [ka]