ka | en
TSU

კოღოების (Diptera, Culicidae) შეგროვებისა და კვლევის მეთოდების შერჩევის მნიშვნელობა ვექტორებზე ზედამხედველობის პროგრამის მიზნებისათვის

ავტორი: თამარ ჭუნაშვილი
თანაავტორები: თამარ ჭუნაშვილი
საკვანძო სიტყვები: კოღოები, ვექტორებზე ზედამხედველობა, სახეობათა მრავალფეროვნება, პათოგენის აღმოჩენა, საქართველო
ანოტაცია:

მსოფლიო მასშტაბით ფეხსახსრიანი ვექტორების მიერ დაავადების გამომწვევების გადატანით ყოველწლიურად ავადმყოფობის მილიონობით და ასობით ათასი სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება. გადამტანებით გადაცემადი დაავადებები უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს აყენებს მსოფლიოს, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებს, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რესურსები მწირია და ვერ ხერხდება დაავადებების პრევენცია და მკურნალობა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად კი ფეხსახსრიანებიც იფართოებენ არეალს და ზრდიან დაავადებების გავრცელების რისკს. მსოფლიოს მრავალ ადგილას ზრდასრული კოღოები, იმასთან ერთად რომ არიან ძლიერ შემაწუხებელი მავნებლები, გვევლინებიან სერიოზული დაავადებების გამომწვევების გადამტანებად. კოღოებს გადააქვთ სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული პათოგენი ადამიანებსა და ცხოველებში. სხვადასხვა პათოგენებით გამოწვეული დაავადებების კლინიკური სიმპტომები ცვალებადობს საშუალოდან მძიმემდე და ზოგჯერ ფატალურამდე. საქართველოში ბინადარი კოღოს სახეობები, მათი გავრცელება და ბიოლოგია, მათთან ასოცირებული პათოგენები არ არის კარგად შესწავლილი. ვექტორებისა და მათ მიერ გადატანილი დაავადებების სისტემატიური და სიღრმისეული ზედამხედველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადებების პრევენციისა და კონტროლისათვის. აუცილებელია ზედამხედველობის პროგრამის უწყვეტი მიმდინარეობა, რათა დროულად მოხდეს პოტენციური საფრთხის შეფასება, მისი აღმოფხვრის მეთოდების შემუშავება და განხორციელება. კოღოების ნიმუშების შეგროვების მრავალი მეთოდი არსებობს. შეგროვების მეთოდების შერჩევა უნდა ხდებოდეს საკვლევი ობიექტის ბიოეკოლოგიის გათვალისწინებითა და კვლევის მიზნების შესაბამისად. ზედამხედველობის გამართული პროგრამა უნდა იყენებდეს ინტეგრირებულ მიდგომას და განსხვავებულ მეთოდებს რათა მაქსიმალურად გაზარდოს შეგროვებული კოღოების რაოდენობა და სახეობების მრავალფეროვნება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com