ავტორიზაცია
მიტოქონდრიალური კომპლექსი I-ის აქტივობისა და ზეჟანგური ჟანგვის ინტენსივობის ცვლილების შესწავლა პროსტატის სიმსივნეებით (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი) დაავადებული მამაკაცების სიმსივნურ ქსოვილში.
ავტორი: კესო ბაბუაძესაკვანძო სიტყვები: პროსტატის სიმსივნე, ROS, კომპლექსი I, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვა, MDA.
ანოტაცია:
ცნობილია, რომ ჟანგბადის რეაქტიული ფორმები აკონტროლებენ უჯრედული ქცევის სხვადასხვა ასპექტებს სიგნალების გადაცემიდან სიკვდილამდე, ხოლო ჟანგბადის რეაქტიული ფორმების პროდუქციისა და უჯრედში მათ მიმართ განვითარებული საწინააღმდეგო მექანიზმების დისრეგულაცია წარმოადგენს სიმსივნური პროცესების საერთო მახასიათებელს. უჯრედში ოქსიდაციური სტრესის განმაპირობებელი რეაქტიული ჟანგბადის ფორმების წარმოქმნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყაროს წარმოადგენენ მიტოქონდრიები. მიტოქონდრიის შიდა მემბრანაზე მოთავსებული ელექტრონების მატრანსპორტირებელი ჯაჭვი, კერძოდ კი I და II კომპლექსი აგენერირებს მიტოქონდრიალური ROS-ის დიდ ნაწილს ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესის დროს. მიტოქონდრიების მიერ გენერირებული ROS-ი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედების პროლიფერაციასა და გადარჩენაში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა პროსტატის სიმსივნეებით (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი) დაავადებული მამაკაცების სიმსივნურ ქსოვილში მიტოქონდრიალური კომპლექსი I-ის აქტივობისა და მალონისდიალდეჰიდის (MDA), როგორც ოქსიდაციური სტრესით განპირობებული ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ძირითადი და ყველაზე სენსიტიური მაჩვენებლის რაოდენობის ცვლილება. გამოკვლევებმა, უჩვენა რომ პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების კეთილთვისებიან და ავთვისებიან ქსოვილში ადგილი აქვს კომპლექსი I-ის აქტივობის ცვლილებას. ასევე მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის MDA-ის კონცენტრაცია ავთვისებიან ქსოვილში კეთილთვისებიან ქსოვილთან შედარებით. მიღებული მონაცემებიდან, გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ პროსტატის სიმსივნურ გენეზისში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიტოქონდრიაში გენერირებული ROS-ი, ამავდროლად, სიმსივნური უჯრედი მნიშვნელოვნად ცვლის უჯრედში მიმდინარე პროცესებს, იყენებს მათ ჰიპოქსიასთან ადაპტაციური მექანიზმების ინდუქციისთვის, სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციისა და მეტასტაზირებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]