ka | en
TSU

კლასიკური და ქვევრში დაყენებული ღვინის ანტიოქსიდანტური თვისებების შესწავლა ლუმინოლის ქემილუმინესცენციის მეთოდის გამოყენებით.

ავტორი: ზურა გაფრინდაშვილი
ანოტაცია:

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ჩემი წინამდებარე ნაშრომის გაგრძელებას, რომელიც შესრულებული იყო ბიოფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად და მოიცავდა ზოგადად ღვინის ანტიოქსიდანტური აქტივობის შეფასებას ბიოფიზიკური მეთოდების გამოყენებით. ღვინო გემოვანი პროდუქტების ჯგუფს მიეკუთვნება. იგი მეტად რთული ფიზიკური, ქიმიური, ბიოქიმიური და ორგანოლეპტიკური სითხეა და კვებითი, დიეტური და სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები აქვს. ამის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზია ღვინის შემადგენლობაში შემავალი ექსტრაქტული ნაერთები, კერძოდ, ფენოლური ნივთიერებები, რომლებიც ხასითდებიან ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი და ანტიკოაგულანტური თვისებებით. შესაბამისად, ღვინის მედიკო ბიოლოგიური ეფექტების შესაფასებლად საკმაოდ კომპლექსური კვლევებია საჭირო. ამჟამად წარმოდგენილი მაქვს ქართული ღვინის შედარებით ფართო სპექტრი: 4-4 კლასიკური და ქვევრში დამზადებული ღვინოები, შესწავლილი და შედარებულია მათი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: საერთო პოლიფენოლების, ფლავონოიდების კონცენტრაცია და ანტიოქსიდანტური აქტივობა. აღმოჩნდა რომ, ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დამზადებული ღვინოები ხასიათდებიან უფრო მაღალექსტრაქტულობით, ვიდრე ქარხნული წესით დაყენებული ღვინოები. მისი მაღალექსტრაქტულობა განისაზღვრება ძირითადად ფენოლური ნაერთებით, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვინის ტიპის ჩამოყალიბებაში, მისი დამზადება-შენახვის ყველა ეტაპზე და უშუალო გავლენას ახდენენ გემოზე, ბუკეტზე, ფერზე, გამჭვირვალობაზე, დაძველების უნარზე. ორგანიზმისთვის ფენოლური ნაერთები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი, ანტიკოაგულანტური თვისებების მქონე ნივთიერებები. როგორც ეპრ, trap, frap და სხვა კლასიკური მეთოდებიდანაა ცნობილი, ანტიოქსიდანტური აქტივობა გარკვეული ხარისხით კორელირებს პოლიფენოლებისა და ფლავონოიდების კონცენტრაციასთან, ნაშრომში ნაჩვენებია აღნიშნული კორელაცია, თუმცა ნიმუშების თვისობრივი ანტიოქსიდანტობა სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა ამ მხრივ. გარდა ამისა, წარმოდგენილია ლუმინოლის ქემილუმინესცენციის მეთოდით მიღებული შედეგების საფუძველზე ანტიოქსიდანტობის შესაფასებლად არსებული ფორმულის ანალიზი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com