ka | en
TSU

სილიკაგელის ზედაპირზე დამაგრებული უხსნადი ცელულოზა 3,5 -დიქლოროფენილკარბამატის გამოყენება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ეკა ცუცქირიძე
საკვანძო სიტყვები: ქირალობა, ენანტიომერები, ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

ენანტიომერული ნარევების დაყოფა თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ თემას განეკუთვნება. ამ საკითხის აქტუალურობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერებს განსხვავებული ფარმაკოლოგიური აქტივობა და ტოქსიურობა გააჩნია. ქირალური სვეტები ენანტიომერული ნარევების დასაყოფად მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 1980-იანი წლებიდან. დღეისათვის ცნობილი ქირალური სტაციონარული ფაზებიდან განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა პოლისაქარიდების ფენილკარბამატების საფუძველზე მომზადებული მასალები. ამ ტიპის სტაციონარული ფაზების მომზადება, როგორც წესი, ხდება პოლისაქარიდის ნაწარმის ფიზიკური დაფენით სილიკაგელის ზედაპირზე. ქრომატოგრაფიული ადსორბენტის მომზადების ამ წესს გააჩნია ის ნაკლი, რომ ასეთი მასალის გამოყენება არ ხერხდება ისეთ მოძრავ ფაზებთან კომბინაციაში, რომელშიც პოლისაქარიდის მოცემული ნაწარმი იხსნება. აქედან გამომდინარე უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარეობს გამოკვლევები პოლისაქარიდების ნაწარმების კოვალენტურად დამაგრების ან მათი სილიკაგელის ზედაპირზე დაფენის შემდეგ უხსნად მდგომარეობაში გადაყვანის მიმართულებით. წინამდებარე სამუშაოს ძირითად მიზანს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი ქირალური სელექტორის, კერძოდ უხსნადი ცელულოზა-3,5-დიქლოროფენილკარბამატის, ქირალური გამოცნობისა და ენანტიომერული ნარევების დაყოფის უნარის შეფასება წარმოადგენდა. ამ კვლევების შედეგები ხელს შეუწყობს პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორების კიდევ უფრო ფართო გამოყენებას ენანტიომერული ნარევების ანალიზური და პრეპარატული დაყოფებისთვის, ისევე როგორც უფრო ღრმა ინფორმაციას მოგვცემს პოლისაქარიდული ტიპის სელექტორების ქირალური გამოცნობის მექანიზმების შესახებ. ჩვენ შევისწავლეთ ენანტიომერების დაყოფა ცელულოზა-3,5-დიქლოროფენილკარბამატის საფუძველზე შექმნილი ახალი სვეტებისა და ჩვეულებრივი მეთანოლის, აცეტონიტრილისა და წყალ-ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით, ასევე ატიპიური მოძრავი ფაზის ტერტ-ბუტილმეთილეთერთან ერთად (C5H12O). შედეგები შედარებული იყო შესაფერის პირობებში დაფარულ სვეტებზე ენანტიომერების დაყოფას. სვეტებზე შესწავლილი იყო სხვადასხვა ჯგუფის ქირალური პრეპარატების დაყოფა, როგორიცაა არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, ბეტა-ბოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები, დიაზოლისა და ტრიაზოლის ჯგუფების ანტიბიოტიკები და ა.შ. ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ იმობილიზებული და დაფარული ქირალური სვეტების გამოყენებამ გამოავლინა ერთი და იგივე შედეგები. თუმცა იმობილიზებულ სვეტებს აქვთ უპირატესობა, ჩვენ მათი გამოყენება შეგვიძლია ენანტიომერების დაყოფისათვის, ისეთი ძლიერი მოძრავი ფაზების გამოყენებისას, როგორიცაა მაგალითად ტერტ-ბუტილმეთილისეთერი (C5H12O).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com