ავტორიზაცია
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი, anti-HCV სკრინინგ-დადებით პირთა ნიმუშების კონფირმაცია CMIA და PCR მეთოდებით.
ავტორი: ანა ბარბაქაძეანოტაცია:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაახლოებით 130-180 მილიონი ადამიანი არის დაავადებული და ყოველწლიურად ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც C ჰეპატიტთან არის დაკავშირებული 500000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი საკუთარი დაავადება და ამიტომ, ხშირად ინფექციას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებ. C ჰეპატიტის ვირუსი ენდემურია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, ამასთან აღსანიშნავია რომ საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანათა რიცხვს. 2015 წლეს სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (დკსჯეც) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ჩატარებული სეროპრევალენტობის პოპულაციურმა კვლევამ აჩვენა რომ ქვეყნის მოსახლეობის 7.7% C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული არის მოსახლეობის 5.4%. აქდან გამომდინარე ქვეყანაში მოხდა მასშტაბური ელიმინაციის პროგრამის დაწყება, რომლის მიზანი საქართველოში დაავადების სრული აღმოფხვრაა, რის მისაღწევადაც იქნა შემუშავებული ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების ფარგლებში ინტენსიურად ხდებოდა მოსახლეობის დაავადების შესახებ ინფორმირების ამაღლება და დაინერგა გამართული ლაბორატორიული მეთოდიკა, რომელიც იყო საწინდარი დღევანდელ დღეს ქვეყანაში არსებული პროგრესის მისაღწევად. ამ ნაშრომის მიზანია შეისწავლოს დაავადების კორეკტული დიაგნოზის დასმისთვის, აუცილებელი ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ პირველადი სკრინინგის შედეგად მიღებული დადებითი პასუხების კონფირმაცია, წარმოაჩინოს მათი მნიშვნელობა, ხაზი გაუსვას მათ ვალიდობას და სენსიტივობას. ეს კი შემდგომში უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას დიაგნოზზე, რათა მოხდეს კონფირმირებული დადებითი პაციენტების უმალვე ჩართვა მკურნალობით ღონისძიებებში. ნაშრომში დეტალურადაა განხილული ტესტირების ალგორითმი, თავისი მეთოდებით კერძოდ C ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის ხარისხობრივი განსაზღვრა (HCV core antigen ტესტი) და ასევე რაოდენობრივი HCV ნუკლეინის მჟავის ანალიზი (Xpert® HCV Viral Load PCR) გამოხატულია თითოეულის მნიშვნელობა, ამასთან ნაჩვენებია მათი ერთად გამოყენების არსი და ეფექტურობა. ამ მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანა იყო, 2022 წელს პირველადი სკრინინგით დადებითი ნიმუშების ტესტირება/გადამოწმება ლუგარის ლაბორატორიაში. მიღებულმა შედეგებმა ნათლად აჩვენა როგორც უარყოფითი, ასევე საეჭვო ნიმუშების შემოწმების მნიშვნელობა, მაქსიმალურად კორეკტული დიაგნოზის დასმისთვის. თემის აქტუალობიდან და მისი დიდი მნიშვნელობიდან საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი ნაშრომი იქნება არა მხოლოდ საინტერესო მკითხველისთვის, არამედ მოახდენს ცნობიერების გაზრდას C ჰეპატიტის ვირუსთან დაკავშირებით, მიაწვდის საჭირო ინფორმაციას ქვეყანაში აღნიშნული დაავადების კონტროლის შესახებ, და შეიტანს წვლილს ახლო მომავალში დაავადების საბოლოო ელიმინაციაში.