ka | en
TSU

ენანტიომერული ნარევების დეტექტირების ზოგიერთი ასპექტის გამოკვლევა სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით

ავტორი: საბა ჯორბენაძე
ანოტაცია:

მას შემდეგ, რაც ქირალური არალეგალური ნარკოტიკების და სხვადასხვა ფარმაცეტული პრეპარატების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, ენანტიოსელექტიური ანალიზის როლი ფარმაცევტულ ქიმიაში, ტოქსიკოლოგიაში თუ სხვა სფეროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ენანტიოსელექტიური მაღალი ეფექტურობის სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტრია (HPLC-MS/MS) მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აკმაყოფილებს ამ სფეროებში არსებულ მოთხოვნებს და აქვს პოტენციალი, დაეხმაროს მკვლევარს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნივთიერებათა იდენტიფიკაციასა და ნივთიერების ბოროტად გამოყენების სწორ ინტერპრეტაციაში. როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლებიც მეცნიერებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა სწორად ჩაატარონ ენანტიოსელექტიური HPLC-MS/MS ექსპერიმენტი და ადეკვატურად შეძლონ ექსპერიმენტული შედეგების ინტერპრეტაცია. წინამდებარე ნაშრომი კი ამ კუთხით ჩვენი დაკვირვებების ერთგვარი შეჯამებაა. ჩვენ გავაანალიზეთ 100-ზე მეტი ქირალური ნივთიერება სხვადასხვა პოლისაქარიდული ქირალური სვეტების გამოყენებით. ენანტიომერების დეტექტირება კი ხდებოდა თანმიმდევრულად დაკავშირებული ულტრაიისფერ-ხილულ (UV-VIS) და მას სპექტრომეტრიული (MS/MS) დეტექტორით. ექსპერიმენტში შეფასდა ქირალური სელექტორის, მოძრავი ფაზის შემადგენლობის, ნიმუშის გამხსნელის და საკვლევი ნიმუშის კონცენტრაციის გავლენა პიკის ფორმაზე, დაყოფის ეფექტურობასა და ენანტიომერების პიკის ფართობების თანაფარდობაზე. აღმოჩნდა, რომ მოძრავი ფაზის შედგენილობამ და განსაკუთრებით ნაკადის სიჩქარემ, ისევე როგორც ნიმუშის კონცენტრაციამ შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს პიკის ფორმასა და ენანტიომერთა ფართობების თანაფარდობაზე MS დეტექტორში. შეჯახების ენერგიის (Collision Energy) ოპტიმიზაციას შეუძლია ამ საკითხის გარკვეულწილად გადაჭრა. ქირალური ნივთიერებების გაანალიზებისას, მაშინ როდესაც ულტრაიისფერ-ხილულ (UV-VIS) დეტექტორში ორივე ენანტიომერის პიკის ფართობი ერთნაირია, მას სპექტრომეტრიულ (MS) დეტექტორში ენანტიომერების ფართობების გამოძახილი ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავებული იყოს. აქედან გამომდინარე, მოძრავი ფაზის შემადგენლობა, ნაკადის სიჩქარე და ნიმუშის კონცენტრაცია ფრთხილად უნდა იყოს ოპტიმიზირებული, რათა შემცირდეს ამ ფაქტორების გავლენა პიკის ფორმაზე და მის ინტენსივობაზე MS დეტექტორში. ფარმაცევტულ და ბიოანალიზურ ექსპერიმენტებში რაოდენობრივი ანალიზისთვის , იმისთვის რომ ადეკვატურად დადგინდეს ბიოლოგიურ ნიმუშში მოხვედრილი უცხო ნივთიერების რაოდენობა, საკალიბრო გრაფიკის აგება უნდა განხორციელთეს მოცემული ქირალური ნივთიერების ორივე ენანტიომერისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com