ავტორიზაცია

მდ. არაგვის ხეობის შუაწელის გეოლოგიური აგებულება და ზედაცარცული ნალექების ნამარხი ნაკვალევები
ავტორი: ვალერი ბუჩუკურიანოტაცია:
საკვლევი რაიონი მდებარეობს კავკასიონის ნაოჭა სისტემის მესტია-თიანეთის ზონის ჟინვალი- გომბორის და შოვი-ფასანაურის ქვეზონების (სტრუქტურულ-მორფოლოგიური ერთეულები) ფარგლებში. მდ. არაგვის ხეობის შუაწელის უძველესი წარმონაქმნებია ზედაიურულ-ქვედაცარცული ნალექები, რომლებიც შედგენილობისა და მასალის წყაროს მიხედვით, ხასიათდებიან რა ფლიშისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებით, ზედაცარცულ-პალეოგენურ ნალექებთან ერთად შეადგენენ კავკასიონის რკალსუკანა აუზის აღმოსავლეთ ნაწილის (აღმოსავლეთი (ჭიაური- დიბრარის) ფლიშური აუზი) ერთიან კარბონატულ-კლასტურ ფლიშურ ფორმაციას. გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებების მიხედვით საკვლევი ტერიტორია შეიძლება დაიყოს ორ სეგმენტად: ანანური-ზემო მლეთა და ზემო მლეთა-კობი. პირველი ხასიათდება განსხვავებული მორფოლოგიისა და ზომის სხვადასხვა რიგის, სამხრეთისკენ დახრილი სტრუქტურების განვითარებით, რომლებიც გართულებულია ძირითადად ჩრდილოური და იშვიათად სამხრული დაქანების ზედაპირების მქონე სხვადასხვა ამპლიტუდის ციცაბო (60-85) რღვევებით (შესხლეტები და ციცაბო შეცოცებები). მეორის ნაოჭა სტრუქტურის დამახასიათებელი თვისება კი არის ძირითადად ერთი რიგის, მსგავსი ფორმის, მაგრამ ზომით განსხვავებული, პლიკატური დისლოკაციების განვითარება და წყვეტითი დისლოკაციების თითქმის სრული არარსებობა, რომლებიც არ არღვევს დანაოჭების ერთიანობას. საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში ჩვენს მიერ ნამარხი ნაკვალევები დადგენილია პატარა ჯახა-კარიერის და ციხისძირის ჭრილებში. იქნოფაუნის შემცველია კამპანური ”ჯორჭის” და მაასტრიხტული ”საბუეს” წყებების ქანები. მდ. არაგვის შუაწელის ზედაცარცულ ნალექებში ჩვენს მიერ განსაზღვრული იქნოკომპლექსი: Chondrites intricatus (Brongniart), Ch. targionii (Brongniart), Ch. affinis (Brongniart), Halopoa imbricata Torell, Helminthopsis isp., Megagrapton aequale Seilacher, Nereites irregularis (Schafh.), Nereites isp., Ophiomorpha annulata (Książkiewicz), Oph. rudis (Książkiewicz), Phycosiphon incertum Fischer-Ooster, Planolites isp., Protopaleodictyon isp., Scolicia strozzii (Savi & Meneghini), Spirorhaphe isp.,Thalassinoides isp., Trichichnus linearis Frey, Zoophycos isp. - ღრმა ზღვის Nereites-ის იქნოფაციესის Nereites-ის იქნოსუბფაციესზე მიუთითებს. სანტონ-მაასტრიხტული დროის პალეოგეოგრაფიული რუკის (ცაგარელი, 1954, ნახ. 33) მიხედვით საკვლევი ტერიტორია წარმოადგენდა ტურბიდიტური ნალექდაგროვების ღრმაწყლიან აუზს, რაც პალეოიქნოლოგიური მონაცემებითაც დასტურდება.