ka | en
TSU

ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ანა რაქვიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ქრომატოგრაფია, ენანტიომერები, ჰიდანტოინები
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო შეგვესწავლა ახალი ქირალური ჰიდანტოინების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის და პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით ნორმალურ და პოლარულ ორგანულ მოძრავ ფაზებში. მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ: მეთანოლი, აცეტონიტრილი და ჰექსანისა და იზოპროპანოლის სხვადასხვა თანაფარდობით მომზადებული მოძრავი ფაზები. ექსპერიმენტისთვის შეირჩა ჰიდანტოინების ნაწარმები. ისინი საინტერესო ნაერთებია მათი ფარმაკოლოგიური აქტივობით. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა მათი ანტიეპილეფსიური, ანტიარითმული, ანტიდიაბეტური და სხვა თვისებები. მიღებული შედეგების საფუძველზე გავაკეთეთ ზოგიერთი დასკვნა საანალიზო ნივთიერების სტრუქტურის გავლენის შესახებ მათი ენანტიომერების შეკავებასა და დაყოფაზე პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სელექტორებზე. გარდა ამისა, შესწავლილი იქნა სელექტორის სტრუქტურის გავლენა მისი ქირალური გამოცნობის უნარზე ქიმიურ ნაერთთა ამ კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ვსწავლობდით ასევე ენანტიომერების ელუირების რიგს და დავადგინეთ ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა ქირალური სელექტორის ბუნებიდან გამომდინარე. ასევე შევისწავლეთ ჰიდანტოინების ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრები მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. გაანალიზებული ნივთიერებების შეკავების და დაყოფის ფაქტორების ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები და მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის. შევისწავლეთ ენტროპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფა და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. იმისათვის რომ გამოგვეთვალა თერმოდინამიკური პარამეტრები, ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვადასხვა ტემპერატურაზე. ანალიზი ჩავატარეთ 5-65°C ტემპერატურულ შუალედში 5° ინტერვალით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com