ka | en
TSU

იბუპროფენის ზოგიერთი სამკურნალო ფორმის შესაბამისობის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებთან

ავტორი: ანა თავართქილაძე
საკვანძო სიტყვები: იბუპროფენი, ენანტიომერების დაყოფა, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, პოლისაქარიდზე დაფუძნებული ქირალური უძრავი ფაზები, ენანტიომერების ელუირების რიგი, აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება, შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან
ანოტაცია:

იბუპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ საშუალებას. ის ქირალური ნაერთია და მისი ორი ენანტიომერიდან ფარმაკოლოგიური აქტიურობა დაკავშირებულია S(+)-ენანტიომერთან, თუმცა ორგანიზმში არააქტიური R -ენანტიომერის ნაწილი განიცდის ინვერსიას და მის ოპტიკურ ანტიპოდად გარდაიქმნება. იბუპროფენის ენანტიომერების ფარმაკოკინეტიკა განსხვავებულია, რაც მეტ ინტერესს აჩენს მათი თვისებების სიღრმისეული კვლევისა და ამავდროულად ენანტიომერების სათანადო დაყოფის მეთოდების შემუშავების. აღნიშნული კვლევის მიზანი გახლავთ იბუპროფენის ზოგიერთ სამკურნალო ფორმებში აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციის, როგორც საერთო, ასევე ცალკეული ენანტიომერული შემცველობის რაოდენობრივი განსაზღვრა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. კვლევის მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენდა სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდის შემუშავება, რომლის გამოყენებითაც იბუპროფენის ენანტიომერები სწრაფად და ეფექტურად დაიყოფოდა, ენანტიომერთა სასურველი ელუირების რიგით. მუშაობის პირველ ეტაპზე სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით პოლისაქარიდის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა ქირალური სვეტის ეფექტურობა შემოწმდა იბუპროფენის ენანტიომერების დაყოფის თვალსაზრისით. მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგებიდან ყველაზე ოპტიმალური შეირჩა ანალიზური მეთოდის ვალიდაციისათვის. ბოლო ეტაპზე იბუპროფენის რაცემული და სუფთა ენანტიომერული შემცველობის სამკურნალწამლო საშუალებები გაანალიზდა. მათში შეისწავლა აქტიური ფარმაცევტული ნივთიერების შემცველობა და შეფასდა შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. შემოწმებული რაცემული წამლებიდან ყველა აკმაყოფილებდა აქტიური სუბსტანციის შემველობის ნორმებს. მაგრამ ენანტიომერულად სუფთა წამალში R - ენანტიომერის შემცველობა 0.1% - ზე მაღალი აღმოჩნდა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com