ka | en
TSU

ართვინ-ბოლნისის ბელტის აღმოსავლეთ ნაწილის გეოლოგიური აგებულება და ზედა ცარცული ნალექების იქნოლოგიურ-სედიმენტოლოგიური შესწავლა

ავტორი: თამთა ბაირამოვი
საკვანძო სიტყვები: ნამარხი ნაკვალევები, სედიმენტაციური სტრუქტურები
ანოტაცია:

საკვლევი ტერიტორია მდებარეობს ართვინ-ბოლნისის ბელტის ბოლნისის ზონის ფარგლებში, სადაც ლითოსტრატიგრაფიული თავისებურებების მიხედვით წარმოდგენილია ხრამისა და ლოქის ბლოკებით. ისინი ერთმანეთისაგან გაყოფილია მამულო-შიხილოს სუბგანედური შესხლეტვით. ართვინ-ბოლნისის ბელტის აღმოსავლეთ ნაწილის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ზედაცარცული და მეოთხეული წარმონაქმნები. ზედაცარცული სინვულკანური, უმთავრესად წყალქვეშა დაციტურ-რიოლითური ლავებით, ვულკანოკლასტოლითებით და ექსტრუზივებით არის წარმოდგენილი. რამდენიმე დონეზე გამოიყოფა რეგიონული გამწეობის ანდეზიტ-ბაზალტური წყებები და ნორმულ-დანალექი ქანების მეტ-ნაკლებად გამწე დასტები. მეოთხეული წარმოდგენილია ახალქალაქის წყების ბაზალტური ლავებით და პროლუვიურ-ალუვიური ნალექებით. მეზოზოურ-კაინოზოური ინტრუზული სხეულები: არაღრმა - ჰიპაბისური, მცირე ზომის, პორფირული ტექსტურის ძარღვები, შრეძარღვები, დაიკები, ნეკები და მცირე-საშუალო ზომის შტოკები სრულ სივრცობრივ, ასაკობრივ, პეტროლოგიურ და გენეტურ კავშირში არიან ვულკანოგენურ-დანალექ წყებებთან. რეგიონის მთავარი წყვეტითი სტრუქტურაა მამულო-შიხილოს სუბგანედური რღვევა-შესხლეტა, რითაც იგი ლოქისა და ხრამის ტექტონიკურ ბლოკებად იყოფა. სენომანურ-დანიური სტრუქტურული სართულის წამყვანი სტრუქტურაა ჩრდილოეთისაკენ დამრეცად დაქანებული მონოკლინი, მცირე გამწეობის სუსტად შეკუმშული ნაოჭებით, ერთეულ შემთხვევაში გართულებული ადგილობრივი, მცირე ამპლიტუდიანი შესხლეტვებით. ართვინ-ბოლნისის ბელტის ზედაცარცულ ნალექებში დადგენილი ნამარხი ნაკვალევების კომპლექსი: Bergaueria isp., Gyrolithes isp., Lockeia isp., Ophiomorpha annulata (Książkiewicz), Ophiomorpha rudis (Książkiewicz), Planolites isp., ?Skolithos isp., Thalassinoides isp. - მთლიანობაში ატიპიურია, მაგრამ იქნოფაციესების განაწილების სქემის მიხედვით ყველაზე ახლოს არის მარჩხი (შელფური) ზღვის Skolithos-ის და Cruziana-ის იქნოფაციესებთან. მარჩხი ზღვის გარემოზე მიუთითებს აგრეთვე სედიმენტაციური სტრუქტურები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com