ავტორიზაცია
ამნიონის ეპითელური ღეროვანი უჯრედების ეპითელურ-მეზენქიმური გადასვლის მოდულაციის ეფექტური სტრატეგიები in vitro სისტემაში
ავტორი: მერაბი სეფაშვილისაკვანძო სიტყვები: რეგენერაციული მედიცინა, ღეროვანი უჯრედები, ამნიონის ეპითელური უჯრედები, ეპითელურ-მეზენქიმური გადასვლა, პროგესტერონი, TGF-β
ანოტაცია:
თანამედროვე რეგენერაციული მედიცინა წარმოადგენს მულტიდისციპლინურ დარგს, რომლის მიზანია ქსოვილების და ორგანოთა რეგენერაციის ინოვაციური მეთოდების დანერგვა. ამ მიმართულების კვლევების ძირითადი საგანია ღეროვანი უჯრედები მათი სხვადასხვა ტიპის უჯრედებად დიფერენცირების უნარის გამო. ამნიონის სითხიდან და მემბრანიდან მიღებული ამნიონის ეპითელური უჯრედები (AEC), მათი უნიკალური თვისებების გამო, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატებად ქსოვილურ ინჟინერიაში, ორგანოთა რეგენერაციასა და უჯრედულ თერაპიაში გამოყენებისათვის. ეს უჯრედები ექსპრესირებენ ემბრიონულ და პლურიპოტენტურობის მარკერებს, ახასიათებთ დაბალი იმუნოგენურობა და ძლიერი იმუნომოდულატორული აქტივობა. ამნიონის ეპითელური უჯრედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ მათი მიღება არ წარმოშობს ეთიკურ და საკანონმდებლო პრობლემებს, რაც ამ უჯრედებს დამატებით პერსპექტივას ანიჭებს თერაპიული მიზნით გამოყენებისათვის. ცნობილია, რომ in vitro ექსპანსიისას, ამნიონის ეპითელური უჯრედები განიცდიან სპონტანურ ეპითელურ-მეზენქიმურ გადასვლას (EMT). ამ პროცესისათვის დამახასიათებელია მრავალგვარი უჯრედული და მოლეკულური მოდიფიკაცია, მათ შორის ციტოჩონჩხის რეორგანიზაცია, სხვა მორფოლოგიური და გენების ექსპრესიის პატერნების ცვლილებები. EMT-თან ასოცირებული სასიგნალო გზებისა და მოლეკულური მექანიზმების საფუძვლიანი შესწავლა საჭიროა უჯრედების ქცევის კონტროლისა და თერაპიული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. ნაშრომის მიზანია ამნიონის ეპითელური უჯრედების ეპითელურ-მეზენქიმური გადასვლის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება in vitro სისტემაში. აქედან გამომდინარე დაისახა შემდეგი ამოცანები: ცხვრის ამნიონის ეპითელური უჯრედების იზოლირება და კულტივირება; ცხვრის ამნიონის ეპითელური უჯრედების მორფოლოგიური ანალიზი; ეპითელური და მეზენქიმური ფენოტიპის მქონე უჯრედული მარკერების ექსპრესიის შეფასება იმუნოფლუორესცენციური ანალიზის გამოყენებით; ამნიონის ეპითელურ უჯრედებში EMT-ის მასტიმულირებელი TGF-β-ს ოპტიმალური კონცენტრაციის განსაზღვრა. წარმოდგენილ კვლევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა TGF-β-ს და პროგესტერონის მიერ ცხვრის ამნიონის ეპითელური უჯრედების ფენოტიპური ცვლილებების ინდუქციის უნარი in vitro სისტემაში. გარდა ამისა, ჩვენ ვაჩვენეთ რომ TGF-β-ს, პროგესტერონის მსგავსად, გააჩნია დოზადამოკიდებული მოქმედება ცხვრის ამნიონის ეპითელური უჯრედების EMT-ის მოდულაციაზე in vitro სისტემაში, რაც ხაზს უსვამს მის რეგულატორულ ფუნქციას ამ პროცესში. ინტერდისციპლინური მიდგომის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს მოლეკულური ბიოლოგიისა და უჯრედული კულტურის ტექნიკებს, ისევე როგორც იმიჯინგის მოწინავე მეთოდებს, ეს კვლევა წვლილს შეიტანს AEC და მათი რეგენერაციულ მედიცინაში გამოყენების პოტენციალის შესახებ არსებული ცოდნის გაფართოებაში.