ავტორიზაცია

ძუძუმწოვართა კვერცხსავალის 3D არქიტექტურის შესწავლა ბიომიმეტური სკაფოლდის შესაქმნელად
ავტორი: ანი ქირიასაკვანძო სიტყვები: ფალოპის მილი, micro-CT, ფრაქტალური ანალიზი, ესტრალური ციკლი, ბიომიმეტური სკაფოლდი.
ანოტაცია:
უნაყოფობა გლობალური პრობლემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების მოძიება თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ARTs), კერძოდ კი ინ-ვიტრო განაყოფიერებისა (IVF) და ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI) მეთოდების განვითარებას უნაყოფობის პრობლემის დასაძლევად დიდი მნიშვნელობა აქვს. IVF მეთოდი, სხვა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან შედარებით, ნაკლებად ინვაზიური და ფიზიოლოგიურ პირობებთან მეტად მიმსგავსებულია. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია IVF მეთოდის შედეგების (განაყოფიერებული ოოციტების რაოდენობა, ემბრიონების ხარისხი) გაუმჯობესებისთვის ახალი მიდგომების შემუშავება. როგორც ცნობილია, ბუნებრივ პირობებში განაყოფიერება ფალოპის, იგივე კვერცხსავალის მილში მიმდინარეობს. ფალოპის მილი რეპროდუქციული სისტემის ნაწილია, რომელიც საშვილოსნოს საკვერცხეებთან აკავშირებს. ეს ის გარემოა, სადაც სპერმატოზოიდების სელექცია და კაპაციტაცია, ოოციტის გადაადგილება და განაყოფიერება, დანაწევრება და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები ხდება. აქედან გამომდინარე, კვერცხსავალში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მექანიზმების უკეთ შესასწავლად და მიღებული მონაცემების საფუძველზე უნაყოფობის მკურნალობის მეთოდების გასაუმჯობესებლად, მეტად ღირებულია კვერცხსავალის რთული 3D არქიტექტურის კვლევა და სომატური კომპონენტის თანაობით 3D ბიომიმეტური სკაფოლდების შექმნა. მოცემული კვლევის მიზანი იყო ფალოპის მილის სტრუქტურის შესწავლა ესტრალური ციკლის სხვადასხვა სტადიაზე მიკრო - კომპიუტერული ტომოგრაფიის (Micro-CT) მეთოდის გამოყენებით და ამ უკანასკნელის შედარება ჰისტოლოგიურ მეთოდთან. ამისათვის შეგროვდა ესტრალური ციკლის სხვადასხვა სტადიაზე მყოფი საკვლევი ცხოველების კვერცხსავალები, მოხდა მათი micro-CT (Skyscan 1172G Bruker, Kontich, Belgium) ტექნოლოგიით სკანირება, შემდეგ კი ჰისტოლოგიური კვლევა. Micro-CT ტექნოლოგიითა და ჰისტოლოგიური მეთოდით მიღებული ნიმუშების ანალიზი ImageJ (v. 1.54f) პროგრამით განხორციელდა. ტომოგრაფიის ნიმუშების ფრაქტალური ანალიზისათვის გამოყენებული იყო პროგრამული დამატება FracLac (V. 2.5). მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ Micro-CT მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის მქონე სურათების მიღება, ხოლო ფრაქტალური ანალიზის გამოყენება საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს კვერცხსავალის კომპლექსური 3D სტრუქტურა და მისი ცვლილება ესტრალური ციკლის სხვადასხვა სტადიაზე. მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფია და ფრაქტალური ანალიზი ჰისტოლოგიურ მეთოდთან შედარებით ზუსტი და ეფექტურია, შესაბამისად, ამ ახალი მიდგომის გამოყენება ხელს უწყობს IVF განაყოფიერებისთვის ოპტიმალური 3D ბიომიმეტური სკაფოლდების შექმნას, რაც საკვანძოა უნაყოფობის მკურნალობის ახალი სტრატეგიების შემუშავებისათვის.