ka | en
TSU

CD180-ის ექსპრესია და სასიგნალო გზების შესწავლა ბურკიტის ლიმფომის სამოდელო ხაზში

ავტორი: ანა ბუთხუზი
საკვანძო სიტყვები: ბურკიტის ლიმფომა, CD180, RAMOS უჯრედული სამოდელო ხაზი
ანოტაცია:

თანამედროვე ეტაპზე აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს ონკოჰემატოლოგიური დაავადების პროგრესირებაში მონაწილე რეცეპტორებისა და მათი სასიგნალო გზების გააქტიურებაში მონაწილე მოლეკულების იდენტიფიცირება, და შემდგომ მათი როგორც პროგნოსტიკული მარკერის ანდა თერაპიული მიზნით გამოყენების შესაძლებლობის დადგენა. ერთ-ერთ აგრესიულ არა-ჰოჯკინის B უჯრედულ ლიმფომას წარმოადგენს ბურკიტის ლიმფომა (BL). ბურკიტის ლიმფომის დროს B უჯრედების ექსპანსია ხორციელდება, რომელთა ფენოტიპი მწიფე B უჯრედის მსგავსია. აღნიშნული უჯრედები აექსპრესებენ CD19, CD20, CD22, CD79a და მონოკლონურ ზედაპირულ იმუნოგლობულინს (Ig), თითქმის ყოველთვის IgM-ს. ხოლო CD5, CD23 და Bcl2 მარკერების მიხედვით უმეტესად უარყოფითია. თოლლ-ის მსგავსი CD180 მარკერი იმუნოლოგიის კათედრაზე აქტიურად შესწავლის საგანს წარმოადგენს. იგი ნანახია B უჯრედული ხაზის ონკოჰემატოლოგიურ დაავადებებში, როგორიცაა ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიაში (ქლლ). არსებული კვლევებით, CD180, რომელიც ჰეტეროგენულად არის ექსპრესირებული B უჯრედებზე, მონაწილეობას იღებს ქლლ უჯრედების ექსპანსიასა და აპოპტოზში. აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო აღნიშნული მარკერის ფუნქციის შესწავლა სხვა B უჯრედული ხაზის ონკოჰემატოლოგიურ დაავადებაშიც. კვლევაში გამოყენებულ იქნა RAMOS ბურკიტის ლიმფომის უჯრედული კულტურა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბურკიტის ლიმფომის სამოდელო უჯრედულ კულტურაში MD1-ის გავლენის შესწავლა CD180-ის ექსპრესიის ხარისხზე. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ CD180 ბურკიტის ლიმფომის სამოდელო უჯრედულ კულტურაში ექსპრესირებულია ჰეტეროგენულად - 24სთ და 48 სთ-იან უჯრედულ კულტრურაში უჯრედების დაახლოებით ნახევარი დადებითია აღნიშნული მარკერის მიხედვით, რომლის დადებით რეგულატორსაც წარმოადგენს MD1 მოლეკულა. ამასთანავე, CD180-ის მონოკლონური ანტისხეულით სტიმულაციისას, 24 საათიან კულტურაში, B უჯრედებში BTK-ს დონის ზრდის, ხოლო P38 MAPK-ის შემცირების ტენდეცია შეინიშნება. კვლევის შედეგად დადგინდა MD1-ს ექსპრესიის მნიშვნელობა CD180-ის ექსპრესიაზე და CD180-ის სტიმულაციით გამოწვეული შიდაუჯრედული ცილების ფოსფორილირების განსხვავებული ინტენსივობა, რომელიც საფუძველს ქმნის მომავალი კვლევების გაგრძელებისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com